ირანის "მორალის პოლიციას" მოზარდის სიკვდილში ადანაშაულებენ

ირანელ მოზარდ გოგოს, არმიტა გარავანდს, რომელსაც, სავარაუდოდ, მორალის პოლიცია გაუსწორდა ჰიჯაბის არქონის გამო, „ტვინის სიკვდილი“ დაუდგინდა.

ირანის საინფორმაციო სააგენტო "ბორნას" მიერ 22 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციით, „16 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კეთილსაიმედო არ არის და მკურნალი სამედიცინო პერსონალის ძალისხმევის მიუხედავად, როგორც ჩანს, არმიტა გარავანდის ტვინის სიკვდილი დადასტურებულია“. მანამდე "ბორნა" წერდა, რომ გოგოს მდგომარეობაა დამძიმდა.


უფლებადამცველები და ჟურნალისტები იუწყებოდნენ, რომ პირველ ოქტომბერს "მორალის პოლიცია" გარავანდს თეირანის ერთ-ერთ მეტროსადგურში შესვლისას გაუსწორდნა ჰიჯაბის არქონის გამო, რის შემდეგაც მეტროს ვაგონიდან გამოსულმა გარავანდიმ გონება დაკარგა.

მანამდე ფაჯრის კლინიკის წყარომ რადიო თავისუფლების ირანულ სამსახურს ანონიმურობის პირობით განუცხადა, რომ გარავანდს თავის ტვინში სისხლი ჩაექცა და ის კრიტიკულ მდგომარეობაშია.

უფლებადამცველთა ჯგუფმა „ჰერგავმა“, რომელმაც პირველმა გაავრცელა ინციდენტის შესახებ ინფორმაცია, 5 ოქტომბერს განაცხადა, რომ არმიტას დედა შაჰინ აჰჯმადი ირანის უსაფრთხოების ძალებმა დააკავეს.

ამასთან იუწყებიან, რონ ირანის ხელისუფლება ზეწოლას ახდენს იმ სკოლის მოსწავლეებზე, რომელშიც არმიტა გარავანდი სწავლობდა - რათა მათ მომხდარის შესახებ მედიასთან არ ილაპარაკონ.


რადიო თავისუფლების ცნობით, სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილი ტვიტერი) 5 ოქტომბერს ირანის მასწავლებელთა ასოციაციების საკოორდინაციო საბჭოს პოსტი გამოქვეყნდა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ თეირანის განათლების მთავარი სამმართველოს უსაფრთხოების უფროსი გარავანდის სკოლაში იმყოფებოდა და მასწავლებლებსა და მოსწავლეებს დაემუქრა, „არ გაავრცელონ ინფორმაცია მოსწავლის [გარავანდის] მდგომარეობის შესახებ“, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დიდი ოდენობით ჯარიმა დაეკისრებათ.

ორ მეგობარს, რომლებიც არმიტასთან ერთად იმყოფებოდნენ ინციდენტის დროს, არათუ მომხდარის შესახებ საუბარს, საერთოდ ინციდენტის უარყოფას აიძულებენ, წერს რადიო თავისუფლების ირანული სამსახური „სანდო წყაროზე“ დაყრდნობით.


ეს არ არის ირანში პირველი შემთხვევა, როდესაც თავსაბურავის არქონის გამო "მორალის პოლიცია" ქალებს უსწორდება. შარშამ თეირანში 22 წლის ქურთული წარმოშობის ირანელი ქალი მაჰსა ამინი გარდაიცვალა.

მაჰსა ამინი ოჯახთან ერთად იყო თეირანში ჩასული. ის გარდაიცვალა საავადმყოფოში მას შემდეგ, რაც სამი დღით ადრე დააკავა ირანის „მორალის პოლიციამ“ ჩაცმულობის მკაცრი კოდექსის დარღვევის გამო, რომელიც ჰიჯაბის ან თავსაბურავის სავალდებულო ტარებას გულისხმობს.

პოლიცია ირწმუნებოდა, რომ მაჰსა ამინი ჯანმრთელობის პრობლემების გამო გარდაიცვალა, ხოლო უფლებადამცველებისა და ნათესავების აზრით, მას დაკავების შემდეგ სცემეს.